Tuesday, March 30, 2010

ოქსფორდის უნივერსიტეტი

ოქსფორდის უნივერსიტეტი მდებარეობს ოქსფორდში, ინგლისი, და ინგლისურენოვანი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტია. მისი დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ.
ოქსფორდი გარდიანის რეიტინგით ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება ბოლო 4 წლის განმავლობაში, ხოლო უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-4 რანგზე თაიმზის უმაღლეს სასწავლებელთა დამატების ( ინგ. შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო შანხაის ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოში მე-10 უნივერსიტეტია. (უნივერსიტეტთა რეიტინგები სუბიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა დღეისთვის მსოფლიო უნივერსიტეტთა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი რეიტინგ-ლისტები არსებობს).
ოქსფორდის უნივერსიტეტი
ოქსფორდი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრია.
ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად.
გამოყენებული წყარო: ვიკიპედია

Monday, March 22, 2010

ქართული პრესის მიმოხილვა. 22 მარტი 2010


22 მარტს გამოსულმა თითქმის ყველა ქართულმა გაზეთმა ვრცელი სტატია მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების შეცვლის ერთობლივი ხედვა უნდა ჩამოაყალიბონ, თუმცა „24 საათის“ მოწინავე სტატიის სათაურიდანვე ირკვევა, რომ ლეობორისტების ინიციატივას მხოლოდ ეგრეთ წოდებული „პრაიმერისტები“ უჭერენ მხარს. „თბილისი მარიოტში“ ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით გასამართ ამ შეხვედრას „ჭადრაკის სასახლე - ორი“ უწოდა გაზეთმა „ვერსიამ“, რომელიც მოვლენების განვითარების, ანუ სააკაშვილის შეცვლის, რამდენიმე გზას განიხილავს: „პირველი- საერთო ლიდერით არჩევნებზე, მორე - იმპიჩმენტი და მესამე - ბოიკოტი არჩევნებს“. სტატიას გაზეთ „ვერსიაში“ წაიკითხავთ.

ასევე გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. დავით ბაქრაძე ლაპარაკობს ტელეკომპანია „იმედის“ 13 მარტის პროგრამის, ოპოზიციის, მოახლოებული არჩევნებისა და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ. „ხელისუფლებას რუსეთთან ფარული პოლიტიკური დიალოგი არ აქვს. არც მე მაქვს ვინმესთან კომუნიკაცია. სანამ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება, ურითერთობის სრულმასშტაბიან მოგვარებაზე საუბარი ვერ იქნება“, ამბობს დავით ბაქრაძე.

ორშაბათს გამოსული „კვირის პალიტრა“ კი კვირის თემაში მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან, რომელიც პროპაგანდასა და მოქალაქეების ზომბირებაში ტელემედიის როლზე ლაპარაკობს. გაზეთის რესოპონდენტი გვერდს ვერ უვლის ეგრეთ წოდებული „მოდელირებული ქრონიკის“ შესახებ საუბარსაც. კერძოდ, იაგო კაჭკაჭიშვილს არ სჯერა, რომ 13 მარტის „მოდელირებული ქრონიკა“ „იმედის“ რედაქტორის ჩანაფიქრი იყო:

„სააკაშვილს ერთხელ ტელეეთერით საჯაროდ წამოსცდა, რომ ის მართლაც ერეოდა შენობების შეღებვისას ფერების შერჩევაში. ხომ სრულიად წარმოუდგენელია, რომ მისი ჩარევის გარეშე ნაციონალური ტელეარხით გასულიყო სიმულირებული სიუჟეტი, სადაც მას ვითომდა კლავენ? სააკაშვილის ავტორიტარიზმით იმდენად გაჯერებულია ნაციონალური მედია, რომ ამას ასეთი მედიის ვერც ერთი ჟურნალისტი, რედაქტორი, პროდიუსერი თუ დირექტორი ვერ გაბედავდა.“

22 მარტის „ახალი თაობა“ კი მკითხველს „უცნობის“ ფსევდონიმით ცნობილი გიორგი გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოუთხრობს. გაზეთის მიხედვით, ინფარქტის ნიშნებით ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაყვანილ „უცნობს“ არტერიის სტენტირება გაუკეთდა. პროცედურამ, როგორც „ახალ თაობას“ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ პრესსამსახურიდან შეატყობინეს, ნორმალურად ჩაიარა.

„მოდელირებული ქრონიკა“




რამდენად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, როდესაც მან ტელეკომპანია ”იმედს” „მოდელირებული ქრონიკის“ ეთერში გასვლის გამო მხოლოდ დეკლარაციის გამოქვეყნება, ანუ ბოდიშის მოხდა, დაავალა, ამის შესახებ კითხვები კომისიის დასკვნის გამოქვეყნების წუთიდან, ანუ 15 მარტიდან, ისმის. ბოდიშის მოსახდელი ვადა 20 მარტს ამოიწურა. ტელეკომპანია „იმედი“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლისადმი მიმართვას ავრცელებს. საზოგადოების ნაწილი კომისიის გადაწყვეტილების გამო გაოცებას ვერ მალავს, ნაწილი კი კომისიის გადაწყვეტილებაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავს. საერთაშორისო საზოგადოება ისევ და ისეც ავრცელებს ოფიციალურ განცხადებებს იმიტირებული ქრონიკის შედეგად შესაძლო რეალური საფრთხეების შესახებ.
დეკლარაციაში მაუწყებელმა უნდა აღიაროს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას იმ ინსცენირებისთვის, რომელმაც საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. გარდა ამისა, “ტელეიმედს” დაევალა, ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს თითოეული მოქალაქის საჩივარი, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და საჩივრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს კომუნიკაციების კომისიას.
იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით არაერთ საერთაშორისო გამოხმაურებას ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ოფიციალური განცხადებაც დაემატა, სადაც ნათქვამია, რომ, იმიტირებული ქრონიკის შედეგად, საქართველო რეალური საფრთხის წინაშე შეიძლებოდა აღმოჩენილიყო:

”ჩვენ გვწამს, რომ დამოუკიდებელი მედია და პროფესიონალური ჟურნალისტიკა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.”

საკმარისია თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც სერიოზული ფსიქოლოგიური შოკი განიცადეს, როცა ჯერ კიდევ ვერ დავიწყებული აგვისტოს ომის იმიტირებული მეორე სერია იხილეს და ვითომ პირდაპირი ეთერის საშუალებით შეიტყვეს ასევე პრეზიდენტის ვითომ მკვლელობისა და თბილისის მისადგომებთან დაბომბილი ტრასების ამბები? იმიტირებული ქრონიკის ეთერში გასვლიდან რამდენიმე წამში, ქართული და არაქართული ინტერნეტსივრცე ასეთი გზავნილებით აივსო: სასწრაფოდ დაიხუროს ტელეკომპანია „იმედი“! ტელეკომპანია „იმედს“ ჩამოერთვას ლიცენზია! - მსგავსი გზავნილებისა და განწყობის შემდეგ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკმაოდ ლოიალური, ლმობიერი გადაწყვეტილება ბევრისათვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მათ შორის არის უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. თუკი ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ ჩვენ მხოლო ბოდიშის მოხდას ვითხოვთ, მაშინ ვერასდროს გამოვიყენებთ ლიცენზიის ჩამორთმევის ან შეჩერების სანქციას, ამბობს სესიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

”რაღა უნდა მოხდეს ჩვენს ტელესივრცეში იმაზე უარესი და შოკისმომგვრელი, რომელმაც საერთაშორისო იმიჯი შეგვილახა, რომელმაც ასეთი უმკაცრესი შეფასება დაიმსახურა დიმპლომატიურ კორპუსებში და მეგობარ ქვეყნებში? მთელი სახელმწიფო სტრუქტურების ძირითადი ელემენტები იმდენად პოლიტიზებულია, რომ აქ სამართლიანი გარემოს შექმნა ურთულესია, თუ არა წარმოუდგენელი”, - ამბობს სესიაშვილი.

კონუმიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორის შორენა შავერდაშვილისთვის. არაადეკვატურ და არალოგიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასკვნას:

”იმდენად პოლიტიზებულია ჩვენი მარეგულირებელი კომისია, რომ მოლოდინი სამართლიანი გადაწყვეტილებისა, გულწრფელად გითხრათ, არც მქონდა. გარდა კონკრეტული სტანდარტის დარღვევისა, უკვე არსებობს ფაქტები იმისა, თუ რა ფიზიკური ზარალი მიადგა მოსახლეობას. შესაბამისად, მხოლოდ ბოდიშის დაკისრება სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილებაა.”

ტელეკომპანია „იმედმა“ ამ შემთხვევაში არ გაუცრუა იმედები კომუნიკაციების ეროვნული კომისიას. ის ზუსტად ჩაეტია ბოდიშის ფორმის მოსაფიქრებლად განკუთვნილ ხუთდღიან ვადაში და ერთწინადადებიან მორბენალ სტრიქონს, რომელიც იმიტირებული ქრონიკის გასვლის შემდეგ პოპულარული ტელესერიალის ”შუა ქალაქში” მსვლელობისას ტრიალებდა და მოსახლეობას ბოდიშს უხდიდა, კიდევ რამდენიმე აბზაცი მიემატა.

ტელეკომპანია ”იმედის” ოფოციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მაყურებლისადმი მიმართვა, სადაც ვკითხულობთ:

„შეუძლებელია სიტყვებით გამოვხატოთ ის, თუ რამდენად ვწუხვართ იმ შეშფოთებისა და ნერვიულობის გამო, რაც თქვენ, თქვენმა ოჯახებმა და მეგობრებმა განიცადეთ 13 მარტის გადაცემის შედეგად. ტელეკომპანია „იმედი“ მხოლოდ საზოგადოებას და საქართველოს უკეთეს მომავალს ემსახურება. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი გადაცემით იმედები გაგიცრუეთ.

მიზნად არასოდეს დაგვისახავს, რომ ის მოვლენები, რომლებიც ნაჩვენები იყო ჩვენს პროგრამაში, აღქმულიყო სინამდვილედ. ყველა ჩვენგანი ტელეკომპანია „იმედში“ გამოვთქვამთ სინანულს, რომ მოდელირებულმა რეპორტაჟმა ამდენ ადამიანზე - მათ შორის ჩვენს საკუთარ ოჯახებზე - ასე უარყოფითად იმოქმედა. ვწუხვართ, რომ ვერ გავთვალეთ მოვლენების მსგავსი განვითარება.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი რწმენა ჩვენი არხის მიმართ უახლოეს მომავალში აღდგება.“

Tuesday, March 9, 2010

ჩემ შესახებ

ჩემი სახელია ლელა ზაქარეიშვილი. დავიბადე 1989 წლის 15 აგვისტოს. დავამთავრე 175-ე საჯარო სკოლა.ამჟამად ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში.ჩემი ძირითადი პროფესია მენეჯმენტია,მეორადი კი ჟურნალისტიკა.ამავდროულად ვმუშაობ ჟურნალ ’’დაიჯესტი და ჰოროსკოპში”.მიყვარს ხატვა, ვარ კომინიკაბელური ადამიანი და მიყვარს ნებისმიერი ტიპის ხალხთან ურთიერთობა.